ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის პრიორიტეტები

საქართველოში მიმდინარე რეფორმის კვალდაკვალ, ტექნოლოგიების და სხვადასხვა სახის საინფორმაციო საშუალების განვითარების ფონზე სტუდენტებში უფრო მნიშვნელოვანი ხდება ინფორმაციული წიგნიერების უნარებისა გამომუშავება. საწარმოები და დამსაქმებლები საჭიროებენ ცვალებად გარემოში ადაპტირებად კადრებს. ამდენად, შეიცვალა მოთხოვნები და მიდგომები განათლების სფეროში. საზოგადოება დადგა გამოწვევის წინაშე, რათა განსაზღვროს კონკრეტული ინფორმაციის საჭიროება, მოიპოვოს და კრიტიკულად გაანალიზოს იგი, თვითგანათლების გზით აითვისოს ახალი ტექნოლოგიები, მიდგომები და მეთოდები.

ბიბლიოთეკას ყოველთვის განსაკუთრებული ფუნქციები და როლი ეკისრება გარშემომყოფ საზოგადოებაში წიგნიერების ამაღლების, ინფორმაციის დაგროვების, დაცვისა და გავრცელების თვალსაზრისით. განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნები ბიბლიოთეკის მიმართ, ტრადიციულ ვალდებულებებთან ერთად დამატებითი როლი აკისრია საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ისტორია უნივერსიტეტის დაარსების დღიდან იწყება და 78 წელს ითვლის. აქ თანამედროვე სამეცნიერო, მხატვრულ და პოპულარულ ლიტერატურასთან ერთად დაცულია 1815-1917 წლებში გამოცემული, მეცნიერული და ისტორიული ხასიათის ძველი გამოცემები. დღეისთვის კი ფონდის შემადგენლობაშია 300 ათასზე მეტი დასახელების საბიბლიოთეკო დოკუმენტი. გარდა ამისა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მკითხველს უზრუნველყოფს სხვადასხვა სამეცნიერო და შემეცნებითი პერიოდული გამოცემითა და საერთაშორისო ელექტრონული ბაზებით .

იგი შედგება ერთი ცენტრალური , ორი საფაკულტეტო და ერთი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბიბლიოთეკისგან.

ლიტერატურის ძიების გასამარტივებლად შექმნილია საბიბლიოთეკო დოკუმენტების ელექტრონული კატალოგი, მკითხველთა ინტერესების უკეთ დაკმაყოფილების მიზნით ელექტრონული რესურსების განყოფილება მუშაობს ბიბლიოთეკის მართვის ინტეგრირებულ სისტემაში - „open biblio”, სათანადო მონაცემების ასახვაზე. გვაქვს წვდომა  საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებს: EBSCO Publishing, Cambridge  University Press, Royal Society Journals Collection, BioOne

მომხმარებელთა ინტერესების შესწავლა და ბიბლიოთეკის სათანადო ბაზებით უზრუნველყოფა უნივერსიტეტის მუდმივი ზრუნვის საგანია.

ჩვენი პრიორიტეტებია ელექტრონული ბიბლიოთეკის მოწყობა, თანამედროვე ლიტერატურის შეძენა  და სხვადასხვა ინტერესის მქონე მკითხველისთვის შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფა, საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესის მაქსიმალური ხელშეწყობა, სხვადასხვა ბიბლიოთეკებთან თანამშრომლობა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
© 2006-2010

დამზადებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა
და კომუნიკაციების სამსახურის მიერ