”დამტკიცებულია შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტის 2011 წლის 24 ივნისის სხდომის
№06 გადაწყვეტილებით”
საჯარო სამართლის იურიდიული პირის
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ბიბლიოთეკის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში – უნივერსიტეტი ან რსუ) ბიბლიოთეკის (შემდეგში – ბიბლიოთეკა) ფუნქციებს და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
2. ბიბლიოთეკა არის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული.
3. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „უმაღლესი განათლების შესახებ“, ,,კულტურის შესახებ” და ,,საბიბლიოთეკო საქმის შესახებ” საქართველოს კანონებით, უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით.
მუხლი 2. ბიბლიოთეკის მიზნები და ძირითადი ფუნქციები
1. რსუ-ს ბიბლიოთეკის მიზნებია:
ა) უნივერსიტეტის საინფორმაციო-საგანმანათლებლო სფეროს განვითარებისათვის ხელშეწყობა ახალ საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზაზე, საუნივერსიტეტო ელექტრონული ბაზების შექმნა და საინფორმაციო ბიბლიოგრაფიული ფონდების ავტომატიზაცია;
ბ) ბიბლიოთეკის მომხმარებელთა სწრაფი უზრუნველყოფა მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით, პიროვნების შემოქმედებითი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;
გ) შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვა, პოპულარიზაცია და ამ დოკუმენტებით მომხმარებლის მომსახურება როგორც ადგილზე გაცემით, ასევე ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის მეშვეობით.
დ) საბიბლიოთეკო მუშაობის განვითარება თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, ელექტრონული რესურსების გამოყენებით საბიბლიოთეკო-საინფორმაციო სისტემის ფორმირების საფუძველზე.
2. რსუ-ს ბიბლიოთეკის ფუნქციებია:
ა) უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროცესის უზრუნველყოფა საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (წიგნები, ჟურნალები, გაზეთები, პატენტები, საავტორო მოწმობები, ტექნიკური კატალოგები, გამოგონებათა აღწერილობები, აუდიო-ვიზუალური და წერილობითი ინფორმაციის სხვა საშუალებები).
ბ) საბიბლიოთეკო ფონდების რაციონალურად ფორმირება და ორგანიზება, მათი დაცვა, აღრიცხვა, მეცნიერული დამუშავება, საცნობარო-საძიებო საშუალებების შექმნა და მათი გამოყენების ორგანიზება საბიბლიოთეკო დარგში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად.
გ) საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის დაცვისათვის საჭირო პირობების შექმნა.
დ) უნივერსიტეტის სასწავლო, საინფორმაციო და სამეცნიერო მოთხოვნილებების საბიბლიოთეკო დოკუმენტებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი და მის საფუძველზე მუშაობის დაგეგმვა-ორგანიზება.
ე) საბიბლიოთეკო ფონდების სრული აღრიცხვა, პერიოდულად მისი გაწმენდა შინაარსობრივად მოძველებული და გამოსაყენებლად უვარგისი (დაზიანებული) საბიბლიოთეკო დოკუმენტებისაგან მოქმედი სტანდარტების შესაბამისად;
ვ) რსუ-ში შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომების ფონდის ორგანიზება, დაცვა, საცნობარო აპარატის შექმნა, შრომების ბიბლიოგრაფირება.
ზ) ბიბლიოთეკის თანამშრომელთა პროფესიული დაოსტატებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა სხვადასხვა ფორმებითა და საშუალებებით.
თ) ფაკულტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბიბლიოთეკების საბიბლიოთეკო ფონდების ცენტრალური სისტემით ორგანიზება;
ი) ბიბლიოთეკის წიგნობრივი ფონდების დაცვაზე ბიბლიოთეკართა მატერიალური პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა, სათანადო ინსტრუქციების შესაბამისად.
კ) ბიბლიოთეკით სარგებლობის წესის შემუშავება და ამ წესის აღსრულების უზრუნველყოფა;
ლ) ეროვნულ და საერთაშორისო საბიბლიოთეკო პროგრამებში აქტიური მონაწილეობა;
მ) საბიბლიოთეკო საქმიანობასთან დაკავშირებით ტრენინგების, კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების მომზადება და ჩატარება.
მუხლი 3. ბიბლიოთეკის სტრუქტურა
1. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას შეადგენს :
ა) ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკა;
ბ) საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბიბლიოთეკა;
გ) აგრარული ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიის ფაკულტეტის ბიბლიოთეკა;
დ) სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბიბლიოთეკა;
ე) განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკა;
ვ) ტურიზმის ფაკულტეტის ბიბლიოთეკა;
ზ) სამეცნიერო– კვლევითი ცენტრის ბიბლიოთეკა;
2. უნივერსიტეტის ძირითადი ბიბლიოთეკაა ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკა. იგი უწევს კოორდინაციას რსუ-ში საბიბლიოთეკო საქმეს და უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებს მეთოდური მითითებებით, პასუხისმგებელია რსუ-ში გამოცემული საბიბლიოთეკო დოკუმენტების თავმოყრაზე, სრულად ასახვასა და მომხმარებლის ინფორმირებაზე.
3. რსუ-ს ბიბლიოთეკის ფუნქციონირების ძირითადი მიმართულებებია:
ა) ფონდების ფორმირება/დამუშავება;
ბ) საცნობარო-საძიებო აპარატის შექმნა და მომხმარებელთა საინფორმაციო ბიბლიოგრაფიული უზრუნველყოფა;
გ) საბიბლიოთეკო მომსახურება (აბონემენტით, სამკითხველო დარბაზითა და ელექტრონული რესურსებით);
დ) ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული და მეთოდიკური საქმიანობა.
4. ბიბლიოთეკის ფუნქციონირების ძირითადი მიმართულებები ხორციელდება მეთოდურად შემუშავებული პროცესებისა და ოპერაციებისაგან/ქმედებებისაგან, სათანადო ტექნოლოგიების გამოყენებით და განაპირობებენ ბიბლიოთეკის ორგანიზაციულ საქმიანობას. ბიბლიოთეკის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულების ეფექტურ განხორციელებას კოორდინაციას უწევს ბიბლიოთეკის დამუშავება–დაკომპლექტების, მომსახურებისა და ელექტრონული რესურსების განყოფილებები.
მუხლი 4. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა და სხვა პერსონალი
1. ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკის დირექტორი, რომელსაც ირჩევს აკადემიური საბჭო.
2. ბიბლიოთეკის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ბიბლიოთეკის საქმიანობას, არის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი და მონაწილეობს მის საქმიანობაში;
ბ) წარმოადგენს ბიბლიოთეკას მესამე პირთან ურთიერთობაში, პასუხისმგებელია ბიბლიოთეკის ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს ბიბლიოთეკის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს ბიბლიოთეკის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ უნივერსიტეტის შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) ხელს აწერს ბიბლიოთეკაში მომზადებულ დოკუმენტებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვიზით ადასტურებს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისა და მართვის ორგანოების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებს, საჭიროებისას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს ბიბლიოთეკის სახელით;
ვ) აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ბიბლიოთეკის სამუშაო გეგმას;
ზ) ბიბლიოთეკის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს წარუდგენს რსუ–ს აკადემიურ საბჭოს, აგრეთვე ნებისმიერ დროს რექტორსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ამ მართვის ორგანოთა დავალების შესაბამისად;
თ) წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წინადადებებს ბიბლიოთეკის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ბიბლიოთეკის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, ასევე ბიბლიოთეკის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია ბიბლიოთეკის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
კ) პერიოდულად ისმენს ბიბლიოთეკის თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ლ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს დასამტკიცებლად ,,რსუ–ს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესს“, საჭიროების შემთხვევაში კი წინადადებებს ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.
მ) ახორციელებს ამ დებულებით, რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და მართვის სხვა ორგანოების სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.
4. გარდა ბიბლიოთეკის დირექტორისა, რსუ–ს საშტატო განრიგით განსაზღვრულია რსუ–ს ბიბლიოთეკის შემდეგი თანამდებობები: დირექტორის მოადგილე, განყოფილების გამგეები და ბიბლიოთეკარები, რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. შესაბამისად, ეს თანამშრომლები ანგარიშვალდებულნი არიან ბიბლიოთეკის დირექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე.
5. ბიბლიოთეკის თანამშრომელთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება უნივერსიტეტის შინაგანაწესით, ბიბლიოთეკის დირექტორის სამსახურებრივი დავალებებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 5. მომხმარებელთა უფლება-მოვალეობანი და ბიბლიოთეკით სარგებლობა
1. რსუ-ს ბიბლიოთეკით სარგებლობა ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის სტუდენტების, პერსონალისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის (მომხმარებლები).
2. ნებისმიერი მომხმარებლის მიერ რსუ-ს ბიბლიოთეკით სარგებლობა ხორცილედება ,,რსუ–ს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი“–ს შესაბამისად, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში ტარდება აღნიშნული წესისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
მუხლი 6. დასკვნითი დებულებები
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.