დამტკიცებულია რსუ–ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
2011 წლის 15 ივნისის N-01-11/43 ბრძანებით
სსიპ – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს და არეგულირებს სსიპ – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში ,,რსუ“) ბიბლიოთეკით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობებს.
2. რსუ–ს ბიბლიოთეკას შეადგენს:
ა) ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკა;
ბ) საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბიბლიოთეკა;
გ) აგრარული ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიის ფაკულტეტის ბიბლიოთეკა;
დ) სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბიბლიოთეკა;
ე) განათლებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკა;
ვ) ტურიზმის ფაკულტეტის ბიბლიოთეკა;
ზ) სამეცნიერო ცენტრის ბიბლიოთეკა;
3. რსუ–ს ძირითადი ბიბლიოთეკაა ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკა, რომელიც განლაგებულია რსუ–ს ძირითად მისამართზე (ქ.ბათუმი, ნინოშვილის ქ. #35, I კორპუსის მე–3 სართული), ხოლო რსუ–ს ფაკულტეტების და სამეცნიერო ცენტრის ბიბლიოთეკები განლაგებულია ფაკულტეტებისა და სამეცნიერო ცენტრის ადმინისტრაციების განთავსების ადგილებზე (რსუ–ს მფლობელობაში არსებულ შენობა–ნაგებობებში).
4. ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკა მუშაობს განრიგით:
ა) ორშაბათი - პარასკევი 9 საათიდან 18 საათამდე;
ბ) შაბათი - 9 საათიდან 16 საათამდე;
5.
რსუ-ს ბიბლიოთეკაში შემავალი ყველა სხვა ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 9 საათიდან 18 საათამდე, შესვენება – 13 საათიდან 14 საათამდე.
მუხლი 2. რსუ-ს ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება
1. რსუ-ს ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება აქვს ბიბლიოთეკაში რეგისტრირებულ პირს - მომხმარებელს.
2. რსუ-ს ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზით სარგებლობის უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და რსუ-ს სტუმარს.
3. რსუ-ს ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზით, ელექტრონული რესურსებითა და აბონემენტით სარგებლობის უფლება აქვთ:
ა) რსუ-ს სტუდენტებს;
ბ) რსუ-ს პერსონალს.
4. რსუ-ს ბიბლიოთეკაში რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირებმა რსუ-ს ბიბლიოთეკაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
ა) პირადობის მოწმობა;
ბ) სტუდენტის ბილეთი/ცნობა სამუშაო ადგილიდან (ხელშეკრულების ვადის მითითებით);
გ) ორი ფოტოსურათი ზომით 3X4.
5. რეგისტრირებულ მომხმარებელზე გაიცემა რსუ-ს ბიბლიოთეკის მომხმარებლის ბარათი.
6. მომხმარებელი ვალდებულია რეგისტრაციის დროს მიაწოდოს ბიბლიოთეკას მონაცემები საცხოვრებელი ბინის მისამართის, ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართის შესახებ, ასევე აღნიშნული მონაცემების ცვლილებების შესახებ.
7. რეგისტრაციისას ბიბლიოთეკის მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს, რასაც ადასტურებს მომხმარებლის ბარათზე ხელმოწერით.
მუხლი 3. საბიბლიოთეკო დოკუმენტის გატანა-დაბრუნება
1. რსუ–ს ფაკულტეტებისა და სამეცნიერო ცენტრის ბიბლიოთეკებიდან საბიბლიოთეკო დოკუმენტები არ გაიცემა (გარდა აგრარული ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიის ფაკულტეტისა და საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბიბლიოთეკებისა), ისინი განკუთვნილია მხოლოდ ამ ბიბლიოთეკების სამკითხველო დარბაზებში სამუშაოდ.
2. ბიბლიოთეკიდან აბონემენტით მომსახურებისას არ გაიცემა:
ა ) რარიტეტი;
ბ ) წიგნი, რომლის ერთი ან ორი ეგზემპლარი ინახება ბიბლიოთეკაში;
გ ) პერიოდული გამოცემები (ჟურნალი, გაზეთი);
დ ) 1921 წლამდე გამოცემული საბიბლიოთეკო დოკუმენტები;
ე ) აუდიო, ვიდეო, კინო, ფოტო, ფონო–დოკუმენტები;
ვ ) ენციკლოპედიები;
ზ ) ლექსიკონები;
თ) სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.
3.
აბონემენტით მომსახურებისას არ შეიძლება ერთ მკითხველზე დროის ერთ პერიოდში გაცემული იქნას 5-ზე მეტი საბიბლიოთეკო ერთეული.
4. საბიბლიოთეკო დოკუმენტის გაცემის ვადები დამოკიდებულია ბიბლიოთეკაში არსებული ეგზემპლარების რაოდენობაზე: 10-ზე მეტი ეგზემპლარის არსებობის შემთხვევაში, საბიბლიოთეკო დოკუმენტი გაიცემა არაუმეტეს 2 თვის ვადით, ხოლო 10-ზე ნაკლები ეგზემპლარის შემთხვევაში – არაუმეტეს ერთი თვისა.
5. იმ შემთხვევაში, თუ წიგნის გატანის ერთი ვადა არ არის საკმარისი, მკითხველს შეუძლია მოითხოვოს ვადის გაგრძელება. საბიბლიოთეკო ერთეულის სარგებლობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 თვეს.
6. ბიბლიოთეკის თანამშრომელი, რომელიც გასცემს ერთეულს დარბაზში სამუშაოდ ან აბონემენტით მომსახურებისას, ვალდებულია მომხმარებელთან ერთად შეამოწმოს ვარგისიანობა და მოითხოვოს ისეთივე მდგომარეობით დაბრუნება.
7. დაუშვებელია საბიბლიოთეკო დოკუმენტზე აღნიშვნების გაკეთება, გადაკეცვა, ფურცლის ამოხევა ან სხვაგვარი დაზიანება.
8. საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაკარგვის ან უხეში დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია წარმოადგინოს იგივე დასახელების და გამოცემის წლის შესაბამისი ან, ბიბლიოთეკის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით სხვა დასახელების ერთეული, სხვა შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია საბიბლიოთეკო ერთეულის სარგებლობის ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 30 დღისა, რსუ–ს ანგარიშზე შეიტანოს ამ ერთეულის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხა და ჯარიმის სახით 50 ლარი. მითითებული ვადაში (30 დღე) გადაუხდელობის შემთხვევაში კი, დაკარგული/უხეშად დაზიანებული საბიბლიოთეკო ერთეულის საბაზრო ღირებულების ხუთმაგი ოდენობა.
9. დაკარგული ან დაზიანებული ერთეულის ღირებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, კომისიურად, რსუ–ს საფინანსო–ეკონომიკური დეპარტამენტისა და ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის მიერ.
მუხლი 4. ბიბლიოთეკის მომხმარებლის უფლება-მოვალეობანი
1. ბიბლიოთეკის კომპიუტერული ტექნიკით სარგებლობისას დაშვებულია:
ა ) ტექსტების შექმნა და რედაქტირება;
ბ ) ინტერნეტით მასალების მოძიება და გადმოწერა;
გ ) ლიტერატურაზე მუშაობა ელექტრონული ვერსიებით;
დ ) CD დისკების გამოყენება ბიბლიოთეკართან შეთანხმებით;
ე ) ელექტრონული ფოსტით სარგებლობა;
ვ ) უნივერსიტეტის ინტერნეტ – გვერდით სარგებლობა;
ზ ) სასწავლო პროგრამებზე მუშაობა.
2. მომხმარებელს შეუძლია ფონდში არსებული ელექტრონული ვიდეო, აუდიო და ტექსტური მასალებით სარგებლობა (დაშვებულია ამ მასალის ასლის გადაღება, საავტორო კანონმდებლობის გათვალისწინებით).
3. მომხმარებელს უფლება აქვს ბიბლიოთეკის ადმინისტრაციას მიაწოდოს საქმიანი წინადადებები მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
4. ბიბლიოთეკაში დაუშვებელია ისეთი ქმედება, რომელიც ხელს უშლის მომხმარებელს მუშაობაში.
5. მომხმარებელი ვალდებულია სამკითხველო დარბაზში წიგნზე მუშაობის დამთავრებისთანავე დააბრუნოს იგი. იკრძალება მომხმარებლის მიერ სამკითხველო დარბაზიდან საბიბლიოთეკო დოკუმენტის თვითნებურად გატანა.
6. ბიბლიოთეკის მომხმარებელი ვალდებულია გაუფრთხილდეს ბიბლიოთეკის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და დაიცვას ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები.
7. წიგნის ან სხვა საბიბლიოთეკო დოკუმენტის მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია გულდასმით შეამოწმოს ის და დეფექტის აღმოჩენისას დაუყოვნებლივ შეატყობინოს ბიბლიოთეკის თანამშრომელს.
მუხლი 5. მომხმარებლის პასუხისმგებლობა
მომხმარებელი, რომელიც დაარღვევს წინამდებარე წესებს დაეკისრება ამ წესითა და „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და შესაბამისად ვალდებულია აანაზღაუროს ზარალი.